იაპონელი მეცნიერები კორონავირუსისგან მუდმივი დაცვის ვაქცინას ამუშავებენ

იაპონელი მეცნიერები ამუშავებენ ვაქცინას, რომელიც ადამიანს კორონავირუსისგან მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიცავს. The Japan Times-ის ცნობით, ფარმაცევტული კომპანია, Nobelpharma ახალი პრეპარატის კლინიკურ ცდებს 2023 წელს დაიწყებს.

2020 წლიდან, პანდემიის დაწყებისთანავე, ტოკიოს მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის საპატიო მკვლევარი, მიჩინორი კოჰარა დაინტერესდა, შეიძლებოდა თუ არა ვაქცინის შემუშავება „ყვავილის“ საწინააღმდეგო დამტკიცებული პრეპარატის საფუძველზე, რომელიც მსოფლიოს მომაკვდინებელი დაავადების აღმოფხვრაში დაეხმარებოდა. „ყვავილის“ ვაქცინა წარმოადგენს თემას, რომელზეც მიჩინორი კოჰარა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს.

„ყვავილის“ ვაქცინა ბრიტანელმა ექიმმა, ედვარდ ჯენერმა 1796 წელს ინფექციურ დაავადებასთან საბრძოლველად შეიმუშავა, რადგან დაავადებას ძალიან მაღალი სიკვდილიანობა ჰქონდა. ვაქცინა ერთადერთ პრეპარატად იქცა, რომელმაც ინფექციური დაავადება წარმატებით აღმოფხვრა.

2020 წლის აპრილში, კოჰარამ, სხვა მეცნიერებთან ერთად, „ყვავილის“ რეკომბინანტული ვირუსის შემუშავება დაიწყო, რომელიც SARS-CoV-2 ცილას შეიცავს და COVID-19 დაავადებას იწვევს. მეცნიერებმა ყვავილა ვირუსის ვარიანტის არაპათოგენური შტამი შეარჩიეს, სახელწოდებით DIs, რომელიც SARS-CoV-2 გენის გადასაცემად ეფექტური და უსაფრთხო ვირუსული ვექტორია.

Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ამჟამინდელი ვაქცინები COVID-19-ისგან გრძელვადიან დაცვას ვერ უზრუნველყოფენ, რადგან ვაქცინაციის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში, ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების დონე მნიშვნელოვნად მცირდება და საჭიროა ამ პრეპარატებით პერიოდული რევაქცინაცია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ვაქცინას, რომელსაც იაპონიაში ამუშავებენ, ვაქცინაციიდან ერთი კვირის განმავლობაში, ძლიერი გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოება შეუძლია. იაპონური ვაქცინა, ასევე, სხვა ვაქცინებთან შედარებით, უფრო ძლიერ უჯრედულ იმუნიტეტს გამოიწვევს და მას მუდმივი დაცვის ეფექტი ექნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ