თურქეთი სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს

თურქული მხარე სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოში ვიზიტით მყოფი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრ ნურეტინ ჩანილიკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  ნოდარ ხადურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრს, რომელმაც, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში განახორციელა.

"ძალიან საინტერესო და ხანგრძილივი საუბარი გვქონდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი დაიწყო სწორედ იმ საკითხით, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ბატონმა მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთის მთავრობისა და ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი და ასევე აღგვითქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს და დაგვეხმარება იმაში, რომ თურქეთის მოქალაქეებმა არ დაარღვიონ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება საუბრის სხვა თემებს, ეს შეეხო ვაჭრობას, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და საბაჟოს. "ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ მნიშვნელოვანია საბაჟოების განვითარება. თურქეთი იწყებს სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას, სრულდება კარწახის საბაჟოს მშენებლობა თურქეთის მხრიდან. ქართული მხრიდან უკვე დასრულებულია. ხაზგასმით ითქვა, რომ პრობლემები სარფის საბაჟოზე გამოწვეული იყო აქამდე თურქული მხარის მხრიდან და პირობა მოგვცა, რომ ძალიან მალე დაიწყება სარფის საბაჟოს რეორგანიზაცია. მან გადმოგვცა გეგმა და იმედი მაქვს, რომ რიგები ქართულ საბაჟოებზე აღარ იქნება", - განაცხადა ხადურმა.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრი ნურეტინ ჩანილიკი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.