35 ეკომიგრანტს სახლები 1 ლარად გადაეცა

35 ეკომიგრანტს 1 ლარად საკუთრებაში სახლები გადაეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სახლებში ეკომიგრანტები დიდი ხანია ცხოვრობენ, თუმცა საკუთრებაში არ ფლობდნენ. მისივე თქმით, სახლების გადაცემა მოხდა მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს დევნილებისთვის და ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემას. სოზარ სუბარის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა პირებისთვის და ლტოლვილებისთვის განათლებასა და ინტეგრაციაში ხელშეწყობის საკითხი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის შემუშავდება პროგრამა, რომელიც დაეხმარება ჯერ ქართული ენის შესწავლაში, ხოლო შემდეგ შესაბამის კლასებში ჩართვაში. სოზარ სუბარის ინფორმაციით, ამ დროისთვის 363 ასეთი ახალგაზრდაა.

მინისტრის ინფორმაციით, სხდომაზე დამტკიცდა ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის განვითარების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა და დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის შესახებ ორი წლის სამოქმედო გეგმა. სოზარ სუბარის განმარტებით, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ დევნილებს ჰქონდეთ არა მარტო საცხოვრებელი სახლები, არამედ სამუშაო ადგილები, შემოსავალი და სხვა.