მთავრობამ "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დაამტკიცა

მთავრობამ "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დაამტკიცა.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა, პროექტის ფარგლებში 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. მისივე განმარტებით, დაგეგმილია 400 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მოხვნა. "მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა, რომელიც საგაზაფხულო სახნავ-სამუშაოებს უკავშირდება. ის 800 ათას ბენეფიციარს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. გაფართოვდა სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი - დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები", - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" თებერვლიდან დაიწყება. პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. გასული წლებისგან განსხვავებით, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ:

• ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.

• ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.

"აგრო ბარათით" მომსახურებას ფერმერებს წელსაც ,,ლიბერთი ბანკი" გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს. "მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს", - განმარტავენ სამინისტროში.

"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.