CNN - ინდურ სტარტაპ Sea Combine-ს ოკეანის მეურნეობაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია

2010 წელს დაარსებულ ოკეანის მეურნეობის სამექანიზაციო ინდურმა კომპანია Sea6 Energy-მ წარადგინა სტარტაპი, Sea Combine, რომელიც ავტომატური კატამარანია და ოკეანეში ზღვის მცენარეებს ერთდროულად აგროვებს და ნერგავს. მას ისეთივე ფუნქცი აქვს, რაც ტრაქტორებს სოფლის მეურნეობაში.

CNN-ის შეფასებით, ინდურ სტარტაპს, თავისი „საზღვაო კომბაინით“ შეუძლია, რევოლუცია მოახდინოს ოკეანის მეურნეობაში.

„წყალმცენარეებს სუშისა და სუპების არომატისთვის ხშირად იყენებენ. თუმცა მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ როგორც საკვები პროდუქტების სახით, ასევე პროდუქციის ფართო სპექტრში გამოყენებისთვის, როგორიც არის კოსმეტიკა, ტექსტილი, ბიოგადამუშავებადი შეფუთვები და ბიოსაწვავიც კი,“ - იუწყება ტელეკომპანია.

როგორც წესი, წყალმცენარეები ოკეანეში ჩადგმულ თოკებზე ან ბადეებზე მოჰყავთ და თანამედროვე ტექნიკა ფართომასშტაბიან კულტივაციას, თითქმის შეუძლებელს ხდის.

„ოკეანის მეურნეობა ქვის ხანაშია. ეს იგივეა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად თოხი და ბარი გამოიყენო,“ - აცხადებს კომპანია Sea6 Energy-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შრიკუმარ სურიანარაიანი, რომელიც ბიოლოგიურ მედიკამენტებზე სპეციალიზებული ინდური ფარმაცევტული კომპანია, Biocon-ის კვლევისა და განვითარების ყოფილი ხელმძღვანელია.

Sea Combine წყალმცენარეების ხაზებს შორის, წინ და უკან მოძრაობს, აგროვებს სრულად მოზრდილ მცენარეებსა და მათ ახლად დათესილი ხაზებით ანაცვალებს.

პროტოტიპი ამჟამად ინდონეზიის სანაპიროზე, კომპანიის ზღვის მცენარეების ფერმაში დგას. შრიკუმარ სურიანარაიანის თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერებს ზღვის მცენარეების მოშენების ტრადიცია აქვთ, რისი ბაზარიც ფართოვდება, ამიტომ კომპანია აპირებს, როგორც ინდოეთში, ისე სხვა ქვეყნებში მეტი Sea Combines განათავსოს.

CNN-ის მონაცემებით, ზღვის მცენარეების გლობალური ინდუსტრია 2005-დან 2015 წლამდე გაორმაგდა, ხოლო 2018 წელს წარმოებამ 33 მილიონ ტონას მიაღწია. ტელეკომპანიას Fortune Business Insights-ის დასკვნა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, წარმოების ინტენსიური და ძვირადღირებული შრომა ბაზრის ზრდას აფერხებს. ამასთან, ზღვის მცენარეების ფასი მათ პოტენციურ გამოყენებას ზღუდავს და ამჟამინდელ ბაზარზე ეკონომიკურად მიზანშეწონილად მხოლოდ მაღალფასიანი საკვები პროდუქტებისთვის გამოყენება მიიჩნევა.

სტარტაპის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ Sea Combine შეამცირებს ხარჯებს და წყალმცენარეებს გააიაფებს, რათა უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული. მანქანების იჯარით აღებას სოფლის კოოპერატივებიც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, ფერმა უფრო დიდ ფართობზე გააშენონ.

სტარტაპმა 20 მლნ დოლარის დაფინანსება მიიზიდა. ამჟამად კომპანია თავისი მანქანით მოპოვებულ ზღვის მცენარეებს მცირე რაოდენობის ცხოველთა საკვებისა და სასოფლო-სამეურნეო სასუქების პროდუქტების საწარმოებლად იყენებს.

ზღვის მცენარეები დიდი ხანია, პლასტმასის ბიოდეგრადირებად ალტერნატივად ითვლება და მასზე კვლევებს ევროკავშირი ბოლო ათწლეულის განმავლობაში აფინანსებს. ლონდონში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Notpla-მ ზღვის მცენარეები სასმელებისა და სოუსების მდგრადი შეფუთვის შესაქმნელად უკვე გამოიყენა. ინდური Sea6 Energy, პლასტიკური პაკეტების ჩანაცვლებისთვის, საკუთარი ბიოგადამუშავებადი ფირის შემუშავების ადრეულ ეტაპზეა. თუმცა კომპანიის ყველაზე გაბედული ამბიცია არის ზღვის მცენარეების ბიოსაწვავად გადაქცევა, რაც ნედლ ნავთობზე ინდოეთის დამოკიდებულებას შეამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ