ყაზახეთში მიმდინარე არეულობების ფონზე მიხეილ ლომთაძემ 1.8 მლრდ დოლარი დაკარგა

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდით შემცირდა.

Forbes Real Time billionaires-ის მიხედვით, ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით შემცირდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 966-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის უმდიდრესი 500 ადამიანის რეიტინგში რამდენიმე დღეა აღარ იძებნება. ამ ჩამონათვალს ის გასული წლის მეორე ნახევარში შეუერთდა.

ამასთან, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციის მხრივ უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის აქციონერთა ასოციაცია ავრცელებს. ყველაზე მეტად გაუფასურდა კომპანია Kaspi.kz-ს აქციები, ვარდნა 30%-ზე მეტია. მიხეილ ლომთაძე ამ კომპანიაში 23%-ს ფლობს და არის აღმასრულებელი დირექტორი.

20%-ით გაუფასურდა Halyk bank-ის აქციები. ცნობისათვის, ყაზახეთის „სახალხო ბანკს“ (Halyk bank) აკონტროლებს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე დინარა და ტიმურ კულიბაევები (56%) ჰოლდინგ კომპანია „ალმეკსის“ მეშვეობით. ამ ბანკის აქციები ივაჭრება ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე GDR, ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ყაზახურ ბირჟაზე AIX. ქვეყნის ეროვნული ბანკის ცნობით, ყაზახეთის „სახალხო ბანკი“ 2021 წლის 1-ელ დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნაში მოქმედ 22 ბანკს შორის პირველ ადგილზეა აქტივების მოცულობით.