საჯარო მოხელეები იანვრიდან 10%-ით გაზრდილ ხელფასებს აიღებენ

იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება.

ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, ანაზღაურება გაეზრდებათ - მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს.

ამასთან, მიმდინარე თვიდან გაიზარდა პენსიები და დახმარებები. კერძოდ, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრა 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება.

ამასთან, იანვრიდან იზრდება დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.