აშშ აღმოსავლეთ-ხმელთაშუა-ზღვის გაზსადენის მშენებლობას მხარს არ უჭერს

აშშ-მა მის პარტნიორ ქვეყნებს - კვიპროსს, საბერძნეთსა და ისრაელს აცნობა, რომ არ უჭერს მხარს აღმოსავლეთ-ხმელთაშუა-ზღვის გაზსადენს (EastMed pipeline), რომლის მშენებლობაზე ეს სამი ქვეყანა 2 წლის წინ შეთანხმდა. ამის შესახებ ბერძნული საინფორმაციო პორტალი Defence-point.gr. წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ამ ქვეყნების დედაქალაქებს დაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ამ მილსადენის მშენებლობას „როგორც ეკოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“. ამერიკული მხარე ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს პროექტი რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას გამოიწვევს.

პორტალი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის ეს პოზიცია გამოიწვევს რეაქციას პარტნიორებში, განსაკუთრებით კი ბერძნებსა და კვიპროსელებში, რომელებსაც არასოდეს შეუქმნიათ პრობლემა ვაშინგტონისთვის, განსხვავებით თურქეთისგან. გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ ამ გაზსადენის ასაშენებელი თანხა ქვეყნებს ამერიკისთვის არ უთხოვიათ და მისი მხარდაჭერა მოხდება ევროკავშირის და კერძო კომპანიების მხრიდან, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებს ეწევიან.

პორტალის შეფასებით, ვაშინგტონის ეს პოზიცია განპირობებულია გადაწყვეტილებით, არ დაიძაბოს ურთიერთობები თეთრ სახლსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოღანს შორის, ამ ქვეყანაში დაგეგმილი 2023 წლის არჩევნებამდე.

„ამერიკელები მოელიან, რომ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი დამარცხდება არჩევნებში და მას თავიდან მოიშორებენ დემოკრატიული გზით. თუმცა ამავდროულად ამ კონტექსტში ჩიხური და ცუდი პოლიტიკით ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სამ სანდო პარტნიორთან: ისრაელთან, კვიპროსთან და საბერძნეთთან“, - წერს სააგენტო.

ცნობისთვის, EastMed pipeline-ის მშენებლობის შესახებ მხარეები 2020 წლის 2 იანვარს ათენში შეთანხმდნენ. ამ გაზსადენის საშუალებით მოხდებოდა ისრაელის საბადო „ლავიაფანიდან“ და კვიპროსის საბადო „აფროდიტადან“ მოპოვებული ბუნებრივი აირის კვიპროსისა და კრეტას გავლით საბერძნეთამდე მიწოდება, შემდეგ კი იქედან იტალიისთვისაც კი.

გაზსადენის დაგეგმილი სიგრძეა 1900 კმ, საიდანაც 1300 წყლის ქვეშ განთავსდება, ხოლო 600 კმ ხმელეთზე. მისი დაგეგმილი სიმძლავრეა 10 მლრდ კუბური მეტრი გაზი წლიურად.

კოკა კვირკველია