მეოთხე თაობის ინტერნეტს "ბილაინის" მომხმარებლები 30 ქალაქში ერთდროულად მიიღებენ

მეოთხე თაობის (LTE) ინტერნეტს "ბილაინის" მომხმარებლები საქართველოს 30 ქალაქში ერთდროულად მიიღებენ.

კომპანიის ინფორმაციით, ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ყვარელში, ახმეტაში, დედოფლისწყაროში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, გურჯაანში, სიღნაღში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბაკურიანში, ბორჯომში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ხობში, სენაკში, რუსთავში, გორში, მარნეულში, გარდაბანში, ხონში, სამტრედიაში, ზესტაფონში, გუდაურში, მცხეთაში "ბილაინის" აბონენტები მეოთხე თაობის უსწრაფეს ინტერნეტს 1 თებერვლიდან ერთდროულად მიიღებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო "Radisson Blue Iveria"-ში კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს.

კომპანია "ბილაინის" ინფორმაციით, მეოთხე თაობის ინტერნეტით სარგებლობისათვის საჭიროა სიმ ბარათის უფასოდ შეცვლა "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრში და საკუთარი ტელეფონის გადამოწმება მეოთხე თაობის ქსელთან თავსებადობაზე "ბილაინის" ვებგვერდის ან ოფიციალური გვერდის მეშვეობით. "ბილაინის" ინფორმაციით, მეოთხე თაობის ინტერნეტი 10-ჯერ აღემატება დღეს "ბილაინის" მიერ შემოთავაზებული ინტერნეტის სიჩქარეს და მისი მეშვეობით ინტერნეტ ფაილების მყისიერი გახსნა და სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩამოტვირთვა 2-3 წუთშია შესაძლებელია. მეოთხე თაობის ინტერნეტის მოხმარება "ბილაინის" აბონენტებს ზემოთაღნიშნულ 30 ქალაქში როგორც მობილური ტელეფონის მეშვეობით, ასევე მოდემებით და როუტერებითაც შეუძლიათ.