ბრიტანეთის ფოსტამ The Rolling Stones-ის მარკები დაბეჭდა - ჯგუფს 60 წელი უსრულდება

ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ (Royal Mail) განაცხადა, რომ 12 მარკისგან შემდგარ სპეციალურ კოლექციას გამოსცემს, რომელზეც როკ ჯგუფ The Rolling Stones-ის მსოფლიო ტურნეს კონცერტები არის გამოსახული. Reuters-ის ცნობით, ახალ ბრიტანულ მარკებს 60 წლის იუბილის აღსანიშნავად ბეჭდავენ, რომელიც ლეგენდარულ როკ ჯგუფს წელს უსრულდება.

„ეს არის ვალი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე როკ ჯგუფის პატივსაცემად," - ნათქვამია ბრიტანეთის სამეფო ფოსტის განცხადებაში.

რვა მარკაზე გამოსახულია წამყვანი მომღერლის, მიკ ჯაგერის, გიტარისტების, კიტ რიჩარდსისა და რონი ვუდის და გარდაცვლილი დრამერის, ჩარლი უოტსის სურათები, რომლებიც გამოდიან სხვადასხვა კონცერტებზე მთელს მსოფლიოში, 1969 წლის ივლისში, ლონდონის ჰაიდ პარკიდან დაწყებული, 2019 წლის აგვისტოში, ნიუ ჯერსის შტატის ისტ რეზერფორდში გამართული კონცერტით დამთავრებული.

დანარჩენი ოთხი მარკა წარმოდგენილია მინიატურულ ფურცელზე, რომელზეც ჯგუფის ორი სურათი და მათი მსოფლიო ტურნეს ორი პლაკატი არის გამოსახული. დრამერი, ჩარლი უოტსი გასულ წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„როკის ისტორიაში სულ რამდენიმე ჯგუფმა მოახერხა ისეთი მდიდარი და ვრცელი კარიერის შექმნა, როგორიც The Rolling Stones-ს აქვს. მათ თანამედროვე მუსიკის ყველაზე საკულტო და შთამაგონებელი ალბომები შექმნეს და რეკორდული დასწრების ცოცხალ კონცერტებს მართავდნენ,“ - აცხადებს Royal Mail-ის საზოგადოებრივ საქმეთა და პოლიტიკის დირექტორი, დევიდ გოლდი.

1962 წელს დაარსებული The Rolling Stones მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გრძელვადიანი როკ ჯგუფია, რომელმაც 240 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და მრავალი ჯილდო, მათ შორის სამი გრემი მოიპოვა.

მათი შემოქმედება ამერიკულ ბლუზსა და რიტმ-ენდ ბლუზზე არის დაფუძნებული და მოიცავს ისეთ ჰიტებს, როგორიც არის 1960-70-იანი წლების პიკური პერიოდის "(I Can't Get No) Satisfaction" და "Sympathy for the Devil."

The Beatles-ის, Pink Floyd-ისა და Queen-ის შემდეგ, The Rolling Stones მეოთხე მუსიკალური ჯგუფია, რომლის მარკებიც ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ გამოუშვა. Royal Mail-ის განცხადებაში ნათქვმია, რომ კოლექციის შექმნის დროს როკ ჯგუფთან და მის მენეჯმენტთან თანამშრომლობდა.

მარკები 20 იანვრიდან გაიყიდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ