ამერიკაში აფროამერიკელი ქალის გამოსახულებით პირველი მონეტა გამოსცეს

აშშ-ს ზარაფხანამ პირველად გამოუშვა მონეტა, რომელზეც აფროამერიკელი ქალი, პოეტი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი, მაია ანჯელოუ არის გამოსახული. ზარაფხანის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

25-ცენტიანი მონეტის უკანა მხარეს გამოსახულია ხელებაწეული ანჯელოუ, მფრინავი ჩიტისა და ამომავალი მზის ფონზე, რომლებიც მისი პოეზიის შთაგონების წყარო და მისი ცხოვრების წესის სიმბოლოებია. ასევე, მონეტაზე არის წარწერები: „ამერიკის შეერთებული შტატები", „მაია ანჯელოუ“ და „E pluribus unum" ("ერთ-ერთი მრავალთაგანი").

მონეტის ავერსზე გამოსახულია შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი.

ანჯელოუს დაწერილი აქვს შვიდი ავტობიოგრაფია, ესეების ხუთი წიგნი და პოეზიის რამდენიმე კრებული. მისი სახელი არის მრავალი პიესის, ფილმისა და სატელევიზიო შოუს ავტორთა შორის. აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, მუშაობდა მარტინ ლუთერ კინგთან და მალკოლმ X-თან ერთად. 1993 წელს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე, მან წაიკითხა ლექსი „დილის პულსზე.“ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ლექსი აფროამერიკელმა ქალმა წაიკითხა.

მაია ანჯელოუს მონეტა ოთხწლიანი პროგრამა American Women Quarters-ის ფარგლებში გამოდის, რომელიც აშშ-ს ისტორიაში გამოჩენილ ქალთა მონეტების შექმნას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება ასტრონავტ სალი რაიდის, მსახიობ ანა მეი ვონგის, სუფრაჟეტისა და პოლიტიკოსის, ნინა ოტერო-უორენისა და ჩეროკი ხალხის პირველი ქალი ბელადის, ვილმა მენკილერის მონეტების გამოშვება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ