წელს მთავრობას 404 მლნ დოლარის საგარეო ვალის დაფარვა უწევს

2022 წელს საქართველოს მთავრობას 404.3 მლნ დოლარის დაფარვა უწევს. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის გვერდზეა ასახული. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 86.2 მლნ დოლარის ვალი უნდა დაფაროს, მეორე კვარტალში 95.7 მლნ დოლარი, მესამე კვარტალში 99.6 მლნ დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში საქართველოს მთავრობას ტრადიციულად ყველაზე მეტი 122.8 მლნ დოლარის ვალის დაფარვა მოუწევს. არსებული საშუალო გაცვლითი კურსით ლარებში დასაფარი ვალის მოცულობა 987.459 მლნ ლარს შეადგენს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 7.386 მლრდ აშშ დოლარს ანუ 22.8 მლრდ ლარს შეადგენს. მთავრობა საგარეო ვალს ძირითადად რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, ასევე განვითარების საერთაშორისო ასოციაციისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან იღებს.

ნოდარ სირბილაძე