„ხაზარაძე-ჯაფარიძემ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უნდა შეიტანონ სარჩელი“

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უნდა შეიტანონ სარჩელი,“- ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემის აზრით, ახლა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გარდა ანაკლიის თემაზე მიმდინარე საარბიტრაჟო დავისა, ქართულ სასამართლოში უნდა შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში უსაფუძვლო ბრალდების გამო ისინი იძულებით ჩამოაშორეს ბანკის მმართველობას და კიდევ ბევრი პირდაპირი და ირიბი ზარალი განიცადეს.

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ ისეთი პრეცედენტის შესაქმნელად, რომელიც მომავალში ასეთ განუკითხაობას აღარ დაუშვებს,“- წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.