წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება - რა პროგნოზები აქვს მსოფლიო ბანკს

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება - ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის განახლებულ კვლევაში. ორგანიზაცია გაისად საქართველოს ეკონომიკის ზრდის 5%-მდე შენელებას გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებს.

რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას, ამავე კვლევის მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკა 4,1%-ით შენელდება.

ამასთან, მსოფლიო ბანკის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა, პამდემიური რეცესიის შემდეგ, 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პოსტკრიზისული ზრდის ტემპით აღდგა.

თუმცა მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური მოგება წელს შემცირდება, რისი მიზეზიც ვირუსის ვარიანტები, ასევე, საკვებ და ენერგოპროდუქტებზე სწრაფად მზარდი ფასებია. გლობალური ინფლაცია, 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალია.

ეკონომიკური ზრდის შენელება ჯერ კიდევ 2021 წლის მეორე ნახევარში იმაზე მკვეთრი იყო, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ივნისში პროგნოზირებდა. მიზეზი Omicron-ისა და Delta Covid-ის ვარიანტების გავრცელებაა. ბანკი „მკვეთრ შენელებას" წელსაც მოელის და პროგნოზირებს, რომ გლობალური ზრდა 2023 წელს 3.2%-მდე დაეცემა.

გლობალური შენელების მთავარი მიზეზი ჩინეთია, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას შარშანდელი 8%-დან 5,1%-მდე მოელიან. ასევე, აშშ, სადაც, 2021 წლის 5,6%-თან შედარებით, წელს მხოლოდ 3,7%-იან ზრდას პროგნოზირებენ. რაც შეეხება ევროზონას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შარშანდელი 5.2%-დან ეკონომიკური ზრდა 4.2%-მდე დაეცემა.

ინდოეთი ე.წ. ნათელ მხარეს წარმოადგენს, სადაც ზრდის ტემპი შარშანდელი 8.3%-დან, სავარაუდოდ, 8.7%-მდე მოიმატებს. თუმცა ისეთ განვითარებად ბაზრებზე, როგორიც არის ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი, ეკონომიკური ზრდა შარშანდელი 6.7%-დან წელს 2.6%-მდე დაეცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ