ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს, 303,500,000 მლნ ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი სახელმწიფო ქონების გაყიდვა და გაიჯარება განახორციელა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 303,500,000 მლნ ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი სახელმწიფო ქონების გაყიდვა და გაიჯარება განახორციელა, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდულია. ასევე პრივატიზებულია სახელმწიფოს კუთვნილი აქციები და წილები 6 საწარმოში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემი ნაკლებია პრივატიზების საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა განაპირობა, ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ბევრად მეტია 2019 – 2020 წლების ჯამურ მონაცემზე.

„სააგენტო 2022 წელსაც შესთავაზებს ბიზნეს სექტორს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ სხვადასხვა საპრივატიზებო პაკეტს. 2022 წლის განმავლობაში ჯამურად იგეგმება 25 საწარმოში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების პაკეტისა და წილის პრივატიზების ინიცირება, აქედან საპრივატიზებოდ უკვე მზადაა 13 საწარმო, ხოლო 12 საპრივატიზებო მომზადების პროცესშია. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი გადასახადის მობილიზება მოხდა, რის გამოც პრივატიზებიდან კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს პერიოდი გამოყენებული იქნება პოტენციურ ინვესტორებთან მეტი კომუნიკაციისთვის, რათა 2022 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება უკეთესი საინვესტიციო პირობებით მოხდეს.

2021 წელს სააგენტომ 2,426 აუქციონი გამოაცხადა, რაც პირდაპირ მეტყველებს კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების გააქტიურება კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, რაც გაზრდის როგორც შემოსავალს ბიუჯეტში, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც მომდევნო წლებში ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას აგროსექტორიდან. კერძოდ, ფერმერებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ სახნავ მიწებს, შესაძლებლობა მიეცათ, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ. შედეგად ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა განავითარონ ეს ნაკვეთები, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში, ჩადონ კერძო ინვესტიციები და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.