თალიბები დასაქმებულებს ყოველდღიურად 10 კგ ხორბალს ურიგებენ

თალიბები პროგრამას „საკვები სამუშაოსთვის,“ აფართოვებენ, რომლის ფარგლებშიც ხორბალს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ურიგებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხორბალს, რომელსაც აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ წინა მთავრობას, ძირითადად, ინდოეთი ჩუქნიდა, თალიბანი, დაახლოებით, 40 000 დასაქმებულს ყოველდღიურად 10 კგ-ის ოდენობით ურიგებს.

პროგრამა, რომელსაც აქამდე დედაქალაქ ქაბულში მშრომელთა ანაზღაურებისთვის იყენებდნენ, ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდება.

ავღანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსებისა და ადმინისტრაციის საკითხთა განყოფილების უფროსის მოადგილე, ფაზელ ბარი ფაზლი აცხადებს, რომ თალიბანმა უკვე მიიღო 18 ტონა ხორბალი პაკისტანიდან, ხოლო კიდევ 37 ტონაზე დაპირება მიიღო. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთთან 55 ტონაზე მეტი რაოდენეობის ხორბლის შეტანაზე.

ის არ აკონკრეტებს, ახლად შემოწირული ხორბლიდან, რამდენი მოხმარდება მუშების ანაზღაურებას და რამდენი გადანაწილდება ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

ახლახან გაერომ ავღანეთისთვის 4,4 მლრდ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება მოითხოვა. ავღანეთში ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც თალიბებმა აგვისტოში ხელისუფლება აიღეს.

ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება ავღანეთის მთავრობის გვერდის ავლით, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნაწილდება.

„2022 წელს ავღანელი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებითვის დახმარების უპრეცედენტო საჭიროებით შევდივართ. 24,4 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის,“ - ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთის მოსახლეობას კიდევ 308 მლნ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, რაც, ოქტომბრიდან მოყოლებული, ავღანეთისა და ავღანელი ლტოლვილებისთვის ამერიკული დახმარების ჯამურ ოდენობას 782 მლნ დოლარამდე გაზრდის. თეთრი სახლის დახმარება პანდემიას, გვალვას, არასრულფასოვან კვებასა და ზამთრის სეზონს უკავშირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ