2022 წელს ევროპელები ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავენ

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნები ენერგიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ თანხას დახარჯავენ, საუბარია ერთ ტრილიონ დოლარზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ბანკ Citigroup-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ ტიპის ხარჯები განპირობებულია რეგიონში გათბობასა და ენერგომოხმარებაზე ფასების ზრდით.

„გაზი და ელ-ენერგია ძალიან ძვირდება. მომხმარებლებსა და მწარმოებლებს მთელს რეგიონში, სავარაუდოდ, მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს Citigroup-ის ანალიტიკოსი ალასტერ საიმი.

სპეციალისტების შეფასებით, ბოლო ერთ წელიწადში ევროპაში გაზის ფასი 3,5-ჯერ გაიზარდა, მის კვალდაკვალ კი გაიზარდა ელ-ენერგიის ფასიც. როგორც Bloomberg-ი წერს, ამ მომენტისთვის, ევროპული ქვეყნების ენერგომოხმარების მეოთხედი ბუნებრივ გაზზე მოდის.

შეგახსენებთ, 2021 წლის შემოდგომაზე ევროპაში ენერგო კრიზისი დაფიქსირდა, რის შემდეგაც ბუნებრივ აირზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და პირველად გადააჭარბა ათას კუბურ მეტრზე 1 ათას დოლარს, ხოლო 21 დეკემბერს მისი ფასი 2 ათას დოლარს გასცდა. ამ დროისთვის სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურებულია და 1000 კბმ ბუნებრივი აირის ფასი 900-1 100 დოლარის დიაპაზონშია.

კოკა კვირკველია