ტაილანდი აპრილიდან უცხოელი ტურისტების მოსაკრებელს აამოქმედებს

ტაილანდის ხელისუფლება აპირებს 2022 წლის აპრილიდან აამოქმედოს 300 ბატის (დაახლოებით 9 დოლარის) ოდენობის მოსაკრებელი უცხოელი ტურისტებისთვის. ამის შესახებ გაზეთ Bangkok Post-ის ელექტრონული ვერსია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსაკრებელი ჩართული იქნება ავიაბილეთების ფასში. გარდა ამისა, ხელისუფლება აპირებს ტურისტული მოსაკრებლის დაწესებას ქვეყანაში ხმელეთისა და ზღვიდან შემომსვლელი უცხოელებისთვისაც.

როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მიღებული შემოსავლები მოხმარდება ისევ ტურისტულ მიმართულებას და ტურისტების დაზღვევას.

აღნიშნული ინიციატივა ტაილანდს პირველად 2019 წელს გაუჩნდა, თუმცა იმავე წლის სექტემბერში ამ იდეაზე უარი თქვა. ის პროექტს 2020 წლის თებერვალში დაუბრუნდა ტურისტული ნაკადების მასობრივი შემცირების გამო. 2021 წლის მაისში კი გაზეთი Bangkok Post წერდა, რომ ხელისუფლება ამ მოსაკრებლის შემოღებას 2022 წლის იანვრიდან აპირებდა.

ტაილანდის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო მიმდინარე წელს ტურიზმიდან 1,3-1,8 ტრილიონი ბატის (38-53 მლრდ დოლარის) შემოსავალს მოელის. ქვეყანა წელს 5-15 მლნ ტურისტის მოზიდვას აპირებს.

კოკა კვირკველია