ჩინეთის ვალმა 40 ტრლნ დოლარს მიაღწია, რითიც აშშ-ს გადაუსწრო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვალმა 40 ტრლნ დოლარს მიაღწია, რომლის ორი-მესამედი კომპანიების ვალია. გამოცემა Quartz-ის შეფასებით, ვალის ასეთი ოდენობა აშშ-საც კი არა აქვს.

გამოცემის თანახმად, ჩინეთს ამის ფუფუნება ადრე უფრო ჰქონდა, როცა ქვეყნის მშპ ყოველწლიურად 8-12%-ით იზრდებოდა და რამაც შესაძლებელი გახადა ახალი სახსრების მოზიდვა. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შენელდა და ძველი სესხების რეფინანსირება უფრო გართულდა.

2019 წელს ჩინეთის სახალხო ბანკმა საბანკო სისტემის სტრეს-ტესტი ჩაატარა და დაადგინა, რომ თუ ეკონომიკის წლიური ზრდა 4,15%-ზე ნაკლები იქნება, მაშინ ჩინეთის ბანკების ნახევარი დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდება.

ექსპერტების პროგნოზით, 2026 წლისთვის ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელიწადში კრიტიკულ 3-4%-მდე დაეცემა. ქვეყანა დღეს მრავალი სისტემური პრობლემის წინაშე დგას, როგორიც არის უხარისხო სესხები, ექსპორტზე დამოკიდებულება, დემოგრაფია, სუსტი შიდა მოთხოვნა და პრობლემური დეველოპერული სექტორი.

ბრიტანული ეკონომიკური და ბიზნეს კვლევის ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ჩინეთი, აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, უკვე 2028 წელს, ანუ მოსალოდნელზე ხუთი წლით ადრე, ჩინეთი შეერთებულ შტატებს გადაუსწრებს და რეიტინგში ლიდერი გახდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ