ინიციატივა პარლამენტს - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს

„კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება, აბსოლუტურად“,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგაზაფხულო სესიაზე, მისი მოხსენება სწორედ ამ საკითხს შეეხება და პარლამენტს წარედგინება ინიციატივა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს არის საფორთიფიკაციო მემკვიდრეობა, ზოგადად. ეს არის ციხე-ქალაქები, ციხე-დარბაზები, კოშკები, რომლები ათასობით არის საქართველოში და რომლებიც განადგურების პირასაა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება არის კვლევა ციხესიმაგრეების, ამ კვლევის დროს მთელ საქართველოში, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის ყველა ციხესიმაგრე თუ კოშკი მაქვს ნანახი, კახეთის დიდი ნაწილი, დასავლეთის ნაწილი და სამცხე ჯავახეთს ვიტოვებ, როგორც მარგალიტს, მაგრამ ყველა ინგრევა. როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი და ვფიქრობდი, ანონსად ვამბობ, რაზეც მე საგაზაფხულო სესიაზე მექნება მოხსენება და ახლავე შემიძლია ვთქვათ, რომ კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება, აბსოლუტურად.

თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა, კერძო კაპიტალი უნდა შევიდეს. აქ არის ფორმები, შეიძლება ძალიან გრძელვდიანი იჯარები. ეს არის მთელ დასავლეთ ევროპაში. ახლა რასაც ვუყურებ, ჩეხეთშია ციხესიმაგრეები გამოტანილია გასაყიდად, იტალიაში არაჩვეულებრივი პროგრამაა, სადაც 1 ევროდ აძლევენ 9-წლიანი იჯარით და კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ავსტრიაში, შოტლანდიაში, ინგლისში და იქ ძალიან პრესტიჟულია ციხესიმაგრეში ცხოვრება.

ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი ობიექტი, რომლის იჯარით გაცემის წინააღმდეგი ვიყავი და აქვე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვნანობ მაშინდელ ჩემ პოზიციას, იმიტომ, რომ უცოდინრობით მომივიდა, ორს ვიტყვი, ეს არის შატო-მუხრანი, ივანე მუხრანბატონის მემკვიდრეობა, რომელიც იყო განადგურებული და კერძო კაპიტალის შედეგად არის ახლა ასეთი მოვლილი, როგორიც არის. მამუკა ხაზარაძეს ამ შემთხვევაში მადლობაც ეთქმის, მე აქ არანაირი ზედმეტი პრობლემები არ მაქვს, რომ ამის გამო მამუკა ხაზარაძეს მადლობა ვუთხრა.

ასევე წინანდლის მამულის გასხვისების წინააღმდეგი ვიყავი, აბა შეხედეთ ახლა როგორ გამოიყურება წინანდალი, შედიხარ და გიხარია ქართველი რომ ხარ, ისეთი განვითარებაა. ყველაზე კარგად რეაბილიტირებული ძეგლია, ყველაზე მოვლილია. ამის წინაღმდეგიც ვიყავი და აბა დღეს მივიდეს ყველა. მე მაშინ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ვიყავი და როგორც შემეძლო ისე ვაპროტესტებდი, მაგრამ ასე უნდა მოხდეს ყველა ძეგლთან მიმართებით. უამრავი ადამიანი დასაქმდება, და პირველი არის ის, რომ გადარჩება, თორემ ფიზიკურად ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს.

3088 ციხედარბაზი, ციხექალაქი და კოშკია საქართველოს ტერიტორიაზე. ამის მოვლას ეხუმრებით?! მილიონნახევარი ლარი სჭირდება, გაამრავლეთ ეგ რიცხვი 3088-ზე. შვეიცარია რომ ვიყოთ და ავსტრია ერთად აღებული, ამას ვერ ვიზამდით, მაგრამ იქ ძალიან პრესტიჟულია და ჩვეულებრივი ამბავია კერძო საკუთრება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცხვირს არ შეგაყოფინებს. სადღაც სასატუმროა, სადღაც გალერიაა, სადღაც მუზეუმია და რაც მთავარია, ეს არის ერთადერთი გზა. ოღონდ მე ამას სიყვარული მალაპარაკებს და ვინც გამოვა და დაიწყებს გულზე მჯიღის ცემას, სათითაოდ წავიყვან, მათგან განსხვავებით დღე და ღამე დავდივარ უკვე წინასწარ პრევენციულად, კრიტიკოსებს ვპასუხობ.

ვერანაირი ბიუჯეტი ვერ ეყოფა იმ ცეხესიმაგრეების და კოშკების შენახვას. სახელმწიფოს ვალდებულებაა ის, მე რომ იჯარით გადმოგცემთ, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტი უნდა შეითანხმოს და მუდმივი ზედამხედველობა ახორციელოს, მე რომ იქ კოშკი მოგეცი, კორპუსი არ ამიშენო და კორპუსი არ ჩამიდგა ციხესიმაგრის ეზოში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ კერძო კაპიტალის შესვლა არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ შეთანხმება და ზედამხედველობა უნდა მოხდეს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნინი ქეთელაური