რუსთავში, ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, რეკრეაციულ სივრცეებსა და ქუჩებში დამატებითი ვიდეო კამერები დამონტაჟდება

ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, რუსთავის მერია რეკრეაციულ სივრცეებში და ქუჩებში, დამატებით ვიდეო კამერებს დაამონტაჟებს. ბოლო პერიოდში, სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის ვანდალურად დაზიანების ფაქტები საკმაოდ გახშირდა.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა, ბოლო თვეებში მუნიციპალური ქონების დაზიანების რამდენიმე ათეული მსგავსი ფაქტი დააფიქსირა.

„რუსთავში გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ აზარალებს ქალაქს. ახალი სკვერები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება და გულდასაწყვეტია, ადამიანები რომ არ უფრთხილდებიან ჩვენს ქალაქს“, - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ვანდალურად დაზიანებასთან ერთად, რუსთავში საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის ფაქტებმაც მოიმატა. ,,რუსთავსერვის ცენტრმა“ ბოლო თვეებში, სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის რამდენიმე ათეული ფაქტი დააფიქსირა.

„რუსთავის მერია მოუწოდებს მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და შეგნებულად ნუ დააზიანებენ მას, რადგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი თანხების მობილიზება ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.