ეროვნულმა ბანკმა თამარის საკოლექციო მონეტა ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს გადასცა

ეროვნულმა ბანკმა თამარის საკოლექციო მონეტა ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს გადასცა.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, თამარ მეფის მონეტის ნონა გაფრინდაშვილისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო.

„როდესაც ეროვნული ბანკი ახალ საკოლექციო მონეტას უშვებს, ტრადიციულად საჩუქრად გადავცემთ გამორჩეული ღვაწლის მქონე ადამიანებს, ვისი მოღვაწეობაც მონეტის თემას მიესადაგება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის ხანგრძლივი ფიქრის და მსჯელობის საგანია. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ თამარ მეფის მონეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მყისიერი და ერთსულოვანი იყო.

ქალბატონი ნონა - პირველი დიდოსტატი ქალი მოჭადრაკე და მრავალგზის ჩემპიონი, რომელიც თამარ მეფის მსგავსად, ტოლს არ უდებდა მამაკაცებს იმ დარგში, სადაც ქალის მასშტაბური წარმატება წარმოუდგენელი იყო. მან ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა და საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინა.

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან თამარის საკოლექციო მონეტის გადაცემა მისი საქვეყნო ღვაწლის სიმბოლური აღიარებაა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მონეტის მთლიანი თანხა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ძალისხმევით შეგროვდა“, - წერს კობა გვენეტაძე „ფეისბუქში“.