საგარეჯოელმა  ვალერი ბაირამაშვილმა გზავნილების გათამაშებაში ბინა მოიგო - „თავდაპირველად დავურეკე დედაჩემს, რომელიც ემიგრაციაშია წასული“

ახალი 2022 წელი განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა 39 წლის ვალერი ბაირამაშვილისთვის, რომელსაც „საქართველოს ბანკმა“ მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა.

ის წლებია ემიგრანტი დედისგან გზავნილებს იღებს და ვერ წარმოედგინა, რომ ამ მარტივი საბანკო პროცედურით შეიძლებოდა გრანდიოზული საჩუქარი მიეღო.

„წინა დღეს გზავნილზე მცირე ხარვეზი შეიქმნა,“ - გვიამბობს ის, - მოვაგვარე და თანხაც ავიღე, თუმცა მეორე დღეს დამირეკეს „საქართველოს ბანკიდან“ და მითხრეს, რომ ფილიალში უნდა მივსულიყავი. გათამაშების შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი და თვალსაც ვადევნებდი, წასვლამდე გულშიც ვფიქრობდი, შეიძლება ამაზეც დამირეკეს-მეთქი, მაგრამ როცა მითხრეს, რომ გავიმარჯვე და ბინა მოვიგე, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, ინსტინქტურად ვიხდიდი მადლობას“.

„საქართველოს ბანკის“ გზავნილების გათამაშებაში გამარჯვებულმა კომპანია „აპექს ლისისგან“ საჩუქრად მიიღო ბინა, რომელიც 2022 წლის აგვისტოში ჩაბარდება.

ყველაფერი კი მეგობრის რჩევით დაიწყო, რომელმაც ვალერი ბაირამაშვილს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის მოქნილი სერვისის შესახებ უამბო:

„მეგობარმა მითხრა, რომ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკიდან პირდაპირ შემეძლო გზავნილის აღება. რადგანაც აღნიშნულ ბანკში ანგარიშიც და მობილბანკიც გახსნილი მქონდა, მაშინვე ვცადე და მალევე შევიტყვე, რომ გზავნილების გათამაშებაში ჩავერთე. შემდეგ ვებგვერდზე თვალს ვადევნებდი გათამაშების მიმდინარეობას, სადაც იწერებოდა მონაწილეების რეიტინგები, თანხები და ა.შ. რა თქმა უნდა, მთავარი პრიზის შესახებაც ვიცოდი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ გრანდიოზულ საჩუქარს თუ მივიღებდი,“ - გვიამბობს გამარჯვებული.

სანამ გამარჯვების ამბავს მეუღლესა და სამ შვილს უამბობდა, ბანკის ფილიალიდანვე დარეკა დედასთან საბერძნეთში და ბინის მოგების შესახებ უამბო.

„როცა ცოტა დავწყნარდი, ბანკში მკითხეს, ვისი გზავნილებით მოვიგე ბინა და მასთან დარეკვა ხომ არ მსურდა? რა თქმა უნდა, თავდაპირველად დედასთან დავრეკე. სწორედ მისი გზავნილების დამსახურებით მოვიგე ბინა. როცა ვესაუბრებოდი, ისიც ეიფორიაში იყო, არ სჯეროდა. შემდეგ ძალიან მოკლე დროშივე დაიწყეს ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა მოლოცვა და დარეკვა,“ - აღნიშნავს ვალერი ბაირამაშვილი.

ვალერი საგარეჯოში გაიზარდა, ოჯახთან ერთად დღესაც ამ პატარა ქალაქში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა. ის ყურძენს ყოველწლიურად საწარმოებში აბარებს, თუმცა სურს, რომ ერთ დღეს საკუთარი მცირე მარანი შექმნას და სახელობითი ღვინო აწარმოოს.

კითხვაზე, როგორი გრძნობაა ასეთი პრიზის მოგება, გვპასუხობს, რომ ეს ერთგვარი ადრენალინია, რომელიც არაფერს ჰგავს და თავად უნდა გამოცადო.

„ამაზე ვფიქრობდი, რას შეიძლება მივუსადაგო-მეთქი და ერთგვარი ადრენალინია, დიდი სიხარული, დიდი გრძნობა, თუმცა ეს ეიფორია თავად თუ არ გამოცადე, რთულია, გაიგო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „საქართველოს ბანკს“ და კომპანია „აპექსს“ ამ გრანდიოზული საჩუქრისთვის. მართლაც, წელს საუკეთესო სანტა მე მყავდა და მოუთმენლად ველით ჩვენს ახალ სახლს,“ - აღნიშნა გამარჯვებულმა.

(R)