ჩინეთის მიმართულება თურქეთმა და ევროპამ ჩაანაცვლა - როგორ შეიცვალა ფასები ამანათებზე

„ჩვენი ტარიფები დამოკიდებულია ავიაკომპანიების ფასებზე და არა რომელიმე კონკრეტული გადამზიდის ტარიფებზე“ - ამის შესახებ „ბიზესპრესნიუსთან“ საუბრისას „ინექს გრუპის“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს გარკვეული მიმართულებებით ფასების ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ამ დროისთვის ამანათებზე ფასების მეტად ზრდა არ განიხილება.

„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გასულ წელს ჩინეთისა და ბრიტანეთის მიმართულებით დაფიქსირდა ზრდა. ამ ეტაპზე ტარიფების გაზრდა რომელიმე მიმართულებით გადაზიდვებზე არ იგეგმება.

ზოგადად, ყოველ სააახალწლოდ დაახლოებით, სამჯერ იზრდება მოთხოვნა. სწორედ ეს იწვევს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. წელსაც ასე იყო. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ჩინეთიდან გამოზიდვის გაზრდილმა ტარიფმა მოთხოვნა ჩინეთზე შეამცირა. ეს სეგმენტი ჩაანაცვლა თურქეთის და ევროპის მიმართულებებმა. ანუ, ადამიანები, რომლებიც ადრე ჩინეთიდან იწერდნენ ნივთებსა და სამოსს, ახლა იმის გამო, რომ გადაზიდვის ფასი მკვეთრად გაიზარდა სხვა ქვეყნებზე გადაერთვნენ. ფაქტობრივად, განაწილდა ფასის ზრდის გამო და შემცირდა ჩინეთის მიმართულება.

რაც შეეხება პანდემიურ მდგომარეობას, 2020 მთელი წელი და 2021 წლის დასაწყისში ძალიან იყო გაზრდილი ონლაინ გაყიდვები. ეს ტენდენცია ახლაც შენარჩუნებულია“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 2020 წელთან შედარებით ამანათებზე ფასები გაიზარდა თითქმის ყველა მიმართულებით, თუმცა მატება ყველაზე მასშტაბური ჩინეთიდანაა. 2020 წელს თუ 1 კგ 1.5 დოლარი ღირდა, 2021 წლის დასაწყისისთვის უკვე 9 დოლარი იყო. დღეის მდგომარეობით კი 12.5 დოლარია.

საბერძნეთიდან წლის დასაწყისში ერთი კილოგრამის ფასი თუ 3 ევროს შეადგენდა, დღეს 3.5 ევრო ღირს.

„ინექს გრუპში“ 2021 წელს აშშ-დან და გერმანიიდან ამანათის ფასი არ შეცვლილა. აშშ-დან კილოგრამი ისევ 7 დოლარი ღირს, გერმანიიდან კი 6.5 ევრო.

თამარ მუკბანიანი