გიორგი ქადაგიძე ეკონომიკური ზრდის 5 პროცენტიანი პროგნოზის შემცირებას აუცილებლობად მიიჩნევს

აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა, შემცირების მიმართულებით.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში - პროფიციტური.

"იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში, იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით, შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს იმ გამოწვევას, რაც არის დღეს ქვეყანაში", - განაცხადა ქადაგიძემ.