თეთრი სახლი მაღალდამცავი პირბადეების ეროვნულ მარაგს ასამმაგებს და მოსახლეობას უფასოდ ურიგებს

ამერიკელებს მაღალი ხარისხის პირბადეები უფასოდ დაურიგდებათ. ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რასაც CNBC ავრცელებს. პრეზიდენტი ნიღბების კამპანიის მიზეზად მთელი ქვეყნის მასშტაბით Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტის სწრაფად მზარდ ინფიცირებას ასახელებს.

ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაასამმაგა N95 მაღალდამცავი პირბადეების ეროვნული მარაგი, რათა ისინი ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მისი თქმით, ომიკრონის გავრცელების გასაკონტროლებლად ნიღბები გადამწყვეტ საშუალებას წარმოადგენენ.

„მე ვიცი, რომ ზოგიერთი ამერიკელისთვის პირბადე ყოველთვის ხელმისაწვდომი ან მოსახერხებელი არ არის. მომავალ კვირას ჩვენ გამოვაცხადებთ, თუ როგორ იქნება მაღალი ხარისხის ნიღბები ამერიკელი ხალხისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი,“ - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.

სენატორ ბერნი სანდერსმა ხელახლა მოახდინა კანონპროექტის ინიცირება, რომ N95 მაღალდამცავი ნიღბები ყველა ამერიკელს უფასოდ დაურიგდეს. აშშ-ს თითოეულ მოქალაქეს სამი მაღალდამცავი პირბადეების შემდგარი პაკეტი გადაეცემა. სანდერსის კანონპროექტს წარმომადგენლობითი პალატიდან და სენატიდან 50 დემოკრატი თანაავტორი ჰყავს.

„რაკი სწრაფად გავრცელებადი ომიკრონ ვარიანტის წინაშე ვდგავართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სახის ნიღაბი თანაბრად დამცავი არ არის. კონგრესმა უნდა მოითხოვოს N95 ნიღბების მასობრივი წარმოება და გავრცელება, რაც კოვიდ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა,“ - აცხადებს ბერნი სანდერსი.

CNBC-ის ცნობით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნიღბების ინსტრუქციის განახლებას აპირებს, რათა ამერიკელებს სხვადასხვა ნიღბის სხვადასხვა დონის დაცვის შესახებ აცნობოს.

ავსტრალიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქსოვილის ნიღბები ვირუსის ნაწილაკების გაფილტვრაში, მინიმუმ, 50%-ით ეფექტურია მაშინ, როცა N95 და ქირურგიული ნიღბების ეფექტიანობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 99%-ია. კვლევა რეცენზირებად ჟურნალ Pathogens-ში 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ