Bottega Veneta-მ თავისი კოლექციის რეკლამირებისთვის ამჯერად ჩინეთის კედელი გამოიყენა

Kering Holding-ის მფლობელობაში მყოფმა მოდის ბრენდმა, Bottega Veneta-მ, ჩინური საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ციფრული ეკრანები ჩინეთის დიდ კედელზე განათავსა. მასშტაბურ ეკრანებზე ბრენდის სახელს ჩინური მილოცვა ცვლის, რისი ხილვაც ფრინველის ფრენის სიმაღლიდან არის შესაძლებელი.

ეკრანის მწვანე ფონზე ცვალებადი ნარინჯისფერი წარწერების ფერები Bottega Veneta-ს სპეციალური სადღესასწაულო კოლექციის ორი მთავარი ფერია. ნარინჯისფერი ასოცირდება მანდარინთან, რაც ჩინეთში წარმატებისა და სიმდიდრის სიმბოლოა. ტანსაცმლის კოლექციის შეძენა ონლაინ ბუტიკებით არის შესაძლებელი, რომელიც WeChat Mini Program-ის ბაზაზე არის შექმნილი. ამასთან, პოპულარული ინფლუენსერები ბრენდს რეკლამას Weibo-ზე უწევენ, რაც თავად ბრენდმა გასულ წელს დატოვა.

მიზეზი ისაა, რომ იტალიური ბრენდი სოციალური მედიის აქციებზე უარს ამბობს. Bottega Veneta-მ Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე თავისი ანგარიშები გააუქმა. Instagram-ზე მხოლოდ დამოუკიდებელი პროექტი, New Bottega დარჩა, რომლის შემქმნელებიც ნებაყოფლობით ადევნებენ თვალს კრეატიული დირექტორის, დანიელ ლის მუშაობას.

ბრენდი, ასევე, პირობას დებს, რომ დიდი კედლის ერთ-ერთი მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის თანხას გამოყოფს. კედელზე გამოფენილი მასშტაბური რეკლამა პირველი შემთხვევა არ არის, როცა Bottega Veneta-ს რეკლამა მხოლოდ ფრინველის ფრენის სიმაღლიდან ჩანს. ადრე მოდის ბრენდი ლოს ანჯელესის აეროპორტის სახურავზეც გამოჩნდა და Wardrobe 02 კოლექციის რეკლამის ხილვა მხოლოდ აფრენილი ან დაფრენის რეჟიმში მყოფი თვითფრინავის მგზავრებს შეეძლოთ.

ბრენდმა მორიგი მასშტაბური რეკლამა ნოემბერში, ავსტრალიაში გამოფინა, სადაც ცნობილი Bondi Icebergs-ის აუზის ფსკერზე უზარმაზარი პლაკატი გამოფინა, რომელიც Salon 02 კოლექციას არეკლამებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ