10-წლიანი მაქსიმუმი: 2021 წელს მსოფლიოში 340-დან 349 მილიონამდე კომპიუტერი გაიყიდა

გასულ წელს კომპიუტერების გაყიდვებმა მთელ მსოფლიოში ბოლო 10 წლის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. The Brussels Times-ის შეფასებით, ეს დიდწილად დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია-ვალდებულებებით, ასევე, ბავშვთა განათლების ონლაინ რეჟიმში გადატანით აიხსნება.

გამოცემას ბაზრის ანალიტიკოსების მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც კომპიუტერების გაყიდვები, 2020 წელთან შედარებით, 10-დან 15%-მდე გაიზარდა. თავისთავად პანდემიური 2020 წელი კომპიუტერების გაყიდვებისთვის ისედაც გამორჩეული წელი იყო. მთლიანობაში, 2021 წელს მსოფლიოში 340-დან 349 მილიონამდე კომპიუტერი გაიყიდა.

„პანდემიამ ყოველდღიურ საქმიანობაში კომპიუტერების აბსოლუტური აუცილებლობა კიდევ უფრო გამოკვეთა. მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებმა გასულ წელს ყველაზე მაღალ, 10-წლიან ნიშნულს მიაღწია,“ - წერს The Brussels Times.

2020 წლის მსგავსად, ბაზრის ლიდერად ჩინური ბრენდი, Lenovo რჩება, რომელსაც 2021 წელს გაყიდული კომპიუტერების მთლიანი წილის მეოთხედი უკავია. მეორე ადგილზეა Hewlett-Packard (HP), რომელიც ბაზრის 20%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე არის Dell - ბაზრის 17%-ით, მეოთხეზე კი კომპანია Apple - 8%-იანი წილით.

კომპიუტერების გაყიდვების საერთო ზრდამ პლუს 28% შეადგინა.

The Brussels Times-ის მონაცემებით, რამდენიმე წლის განმავლობაში კომპიუტერების გაყიდვები, სმარტფონების გავრცელების გამო, შენელდა, რადგან ისინი უფრო პორტატულ მოწყობილობას წარმოადგენენ და კომპიუტერის მრავალ ფუნქციას ასრულებენ. ამასთან, ინდივიდუალური მომხმარებლები მობილურებს ახალი ვერსიებით უფრო სწრაფად, ბევრ შემთხვევაში კი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იცვლიან. ამის საპირისპიროდ, კომპანიები თავიანთ კომპიუტერებს ისტორიულად ნელა აახლებენ. თუმცა პანდემიამ ტექნოლოგიური განახლებები მთელს მსოფლიოში დააჩქარა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ