LG Energy-მ IPO-ზე პრაისინგი დიაპაზონის ზედა ზღვარზე ჩაატარა

სამხრეთ-კორეულმა ელექტრომობილების აკუმულატორების მწარმოებელმა კომპანიამ LG Energy Solution Ltd.-იმ IPO-ს პრაისინგი საფასო დიაპაზონის ზედა ზღვარზე ჩაატარა - 300 ათას სამხრეთ-კორეულ ვონად (252,79 აშშ დოლარი).

როგორც საბირჟო დოკუმენტებიდან ირკვევა, აქციების განთავსებით კომპანია აპირებს 12,750 ტრლნ ვონის მოზიდვას (10,74 მლრდ დოლარი). შედეგად კი LG Energy Solution-ის IPO შესაძლოა, გახდეს რეკორდული სამხრეთ კორეისთვის, რომელიც აღემატება 4,9 ტრილიონ ვონს, რაც 2010 წელს კომპანიამ Samsung Life Insurance Co. მოიზიდა.

რაც შეეხება თავად კომპანიის შეფასებას, IPO-ს შესაბამისად მან 70,2 ტრილიონი ვონი (59,19 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. შედეგად კი LG Energy გახდება სამხრეთ კორეის რიგით მესამე უმსხვილესი კომპანია კაპიტალიზაციის მიხედვით.

მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, ანალტიკოსები თვლიან, რომ ეს პრაისინგი არის დაბალი, მაგალითად კი მოჰყავთ აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია Contemporary Amperex Technology Co.-ს კაპიტალიზაცია, რომელიც 213 მლრდ დოლარს შეადგენს.

კომპანია აქციებზე შეკვეთების მიღების დაწყებას საცალო ინვესტორებისგან 18-19 იანვარს გეგმავს. სადებიუტო ვაჭრობა კი 27 იანვარს დაიწყება. კომპანია აპირებს მოზიდული თანხიდან 8,8 ტრილიონი ვონის ინვესტირებას წარმოების გაფართოებაში.

LG Energy კომპანიას LG Chem Ltd. 2020 წელს გამოეყო, თუმცა მის შვილობილ კომპანიად რჩება. აღნიშნული რეორგანიზაცია ჩატრადა LG Group-ის ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზების ფარგლებში. LG Energy უშუალოდ ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმულატორების წარმოებითაა დაკავებული. მის კლიენტებს შორისაა ამერიკული Tesla Inc., General Motors Co. და სამხრეთ-კორეული Hyundai Motor Co.

კოკა კვირკველია