ევროკავშირში ტატუს მელნის გარკვეული პიგნენტები აიკრძალა

ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 4 იანვრიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა შეზღუდვა საშიში ქიმიკატების მიმართ, რომლებსაც ტატუს მელნისა და პერმანენტული მაკიაჟის (PMU) ნარევები შეიცავს. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

შეზღუდვაზე გადაწყვეტილება კომისიამ 2020 წლის დეკემბერში, წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის შედეგად მიიღო, რასაც საფუძვლად დაედო კვლევის შედეგები, რომ ტატუ ალერგიასა და კანის პრობლემებს იწვევს. ამას ევროპის ქიმიკატების სააგენტოს (ECHA) სამეცნიერო და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შეფასებებიც თან ერთვოდა.

ECHA, რომელიც 2007 წელს ჰელსინკში დაარსდა, ევროკავშირის სააგენტოა, რომელიც ქიმიკატების საშიშროებისგან ადამიანებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის განხორციელებაზე არის პასუხისმგებელი.

The Brussels Times-ის ცნობით, აკრძალვა ბელგიელმა ტატუ-მხატვრებმა გააკრიტიკეს. ისინი აცხადებენ, რომ ახალ წესებთან შესაბამისი მელანი დეფიციტურია, რაც ბელგიის 2000-მდე ტატუს მაღაზიიდან უმეტესობის დახურვას გამოიწვევს. ტატუ-მხატვრების თქმით, კარის დახურვასა და აკრძალული მელნით არალეგალურად მუშაობას შორის მცირე არჩევანი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ტატუს მელნის ზოგიერთი ნივთიერება დადასტურებულად კანცეროგენულია, მხატვრების თქმით, მელანსა და კიბოს შორის პირდაპირი კავშირი ნაპოვნი ჯერ არ არის.

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს ტატუს მელნებში სახიფათო ქიმიკატებზე ადგილობრივი კანონმდებლობა უკვე მიღებული ჰქონდა. თუმცა 4 იანვრიდან ახალი წესები ევროკავშირის დონეზე ამოქმედდა, რათა ადამიანები გაერთიანების მასშტაბით თანაბრად იყვნენ დაცული.

კომისიის განცხადებით, ბაზარზე არსებობს უსაფრთხო ალტერნატივა იმ ნივთიერებებისთვის, რომლებიც მიმდინარე წლიდან აიკრძალა, ხოლო Pigment Blue 15-ისა და Pigment Green 7-ის აკრძალვა მხოლოდ 2023 წლის 4 იანვრიდან ამოქმედდება, რომ ბიზნესს ჰქონდეს ერთწლიანი ვადა ამ ორი პიგმენტისთვის უსაფრთხო ალტერნატივების მოსაძებნად. თუ ალტერნატივა ვერ მოიძებნა, ეს ცალკეულ შემთხვევებად განიხილება ან უფრო ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ.

ECHA-ს რისკების შეფასების კომიტეტი (RAC) აღნიშნავს, რომ შედარებით უსაფრთხო და ტექნიკურად ადეკვატური ალტერნატივები ამჟამად მხოლოდ ორი საღებავისთვის, Pigment Blue 15:3 და Pigment Green 7 არის მიუწვდომელი.

ECHA-ს ანგარიშში მოცემული მონაცემებით, ბაზარზე შესაბამის და შეუსაბამო ტატუს მელნებსა და პერმანენტულ მაკიაჟს (PMU) შორის ფასების სხვაობა, სავარაუდოდ, 15% და 20% იქნება.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში ტატუს მელნის 90-მდე, ხოლო PMU-ს 55 ევროპელი და საერთაშორისო მწარმოებელია. ევროკავშირის ბაზარზე არსებული ტატუების მელნის 70%-დან 80%-მდე გაერთიანების გარეთ, ძირითადად, აშშ-ში იწარმოება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ