თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არის ამგვარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არის ამგვარი.

მისი თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთულია და ამ პირობებში, ვაქცინაცია არის ხსნა, ამასთან, ვაქცინაციის პროგრამა წამახალისებელი მექანიზმებით კვლავაც გაგრძელდება.

„ეს იქნება წახალისება 50 წლის ზემოთ პირებისთვის და ასევე, ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ახლა მუშავდება, ვაქცინაციის საბჭოზე მომდევნო კვირას იქნება წარდგენილი. სავალდებულო ვაქცინაცია, როგორც ასეთი მექანიზმი იმისათვის, რომ გარკვეული ვალდებულება დავაწესოთ მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან მიმართებაში ასეთი საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არ არის ამგვარი. ვფიქრობთ, ის რესურსები, რომელიც დღეს ჩვენს ხელთ არსებობს, მათ შორის, ფინანსური წახალისების სახით რამაც საკმაო თვალსაჩინო შედეგი მოგვცა, იქნება ისევ ის ბერკეტი, რომელსაც გამოვიყენებთ. საჭირო იქნება ამის მეტად გაფართოება, მაგრამ ისევ თვითონ მოქალაქის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა", - აცხადებს გაბუნია.

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტებთან დღევანდელ შეხვედრაზე რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ ჰქონია, თუმცა, ისაუბრეს აღსრულების მნიშვნელობაზე, მათ შორის სამთო კურორტებზე.

„ეს რეგულაციები უკვე დაწესებულია, განსაკუთრებით პირბადის გამოყენებაზე და მნიშვნელოვანია ყველამ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მიმართულებით, თავის წილი პასუხისმგებლობა გაიზიაროს და ამ მხრივ გაუმჯობესდეს ეს პროცესი, სპეციალისტები ბუნებრივია, ამაზე აქცენტს აკეთებენ,“- განაცხადა გაბუნიამ.