IDFI: თბილისის მერიაში ახალი მმართველობის პირობებში პრემიები არ გაცემულა

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია.

ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2013 წელს მერიის თანამშრომლებზე სულ გაცემულია 11 438 501 ლარის ოდენობის პრემია და 3 070 724 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი. 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) თბილისის მერიის თანამშრომლებს პრემიის სახით მიღებული აქვთ 7 908 767 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 2 628 079 ლარი.

"2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები არ გაცემულა, ხოლო სახელფასო დანამატები დაახლოებით იგივე ოდენობით გაიცემა, რაც არჩევნებამდე. 2013 წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მდინარე მტკვარზე მოცურავე ტივზე სტუმრებისათვის სუფრით გამასპინძლებისათვის დახარჯულია 31 860 ლარი. 2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 272 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 6 190 072 ლარს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

IDFI მიესალმება ქალაქ თბილისის მერიაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის მნიშვნელოვან ზრდას და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული უწყების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქმიანობა.