ვის ეკუთვნის და რა ფინანსური მაჩვენებლები აქვს „ზარაფხანას“

2020 წელს, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, შპს „ზარაფხანა“ მოგებაზე გავიდა. მაშინ როცა 2019 წლის მაჩვენებლებით კომპანია ზარალზე იყო.

კერძოდ, როგორც 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2020 წელს „ზარაფხანას“ წმინდა მოგება 254 869 ლარი იყო, მაშინ როცა 2019 წლის ბოლოს მისი ზარალი - 284 178 ლარს შეადგენდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშგების თანახმად, კომპანიის საკუთრებაში იყო 4 685 520 ლარის აქტივები.

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ 2011 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობაა - ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების დამზადება. ანგარიშგების თანახმად, 2020 წელს თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა 100 ადამიანი იყო.

კომპანია „ზარაფხანას“ დირექტორი პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას შვილი - ნიკოლოზ ნაყოფიაა. 100%-იან წილს კი შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი“ ფლობს. თავის მხრივ, „ზარაფხანა დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საკუთრებაშია.