ლევან კალანდაძე: სამწუხაროდ, საზოგადოებამაც და ბიზნესმაც მთავრობის შეცდომებზე პასუხი უნდა ვაგოთ

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ ეტაპზე არის ერთადერთი გამოსავალი, რეალურად სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ასე გამოეხმაურა ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი, ლევან კალანდაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწყება.

"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ ეტაპზე არის ერთადერთი გამოსავალი, რეალურად სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ეროვნულ ბანკს მოუწია იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე ლარის ვარდნა შეჩერდეს და შემდგომ ეტაპზე უკვე ვიზრუნოთ, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ლარის კურსის დასტაბილურება და გამყარება. ხელისუფლებას, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებდით, რომ ლართან დაკავშირებული დევალვაციის ინფლაციურ რისკებში გადაზრდის საფრთხე რეალური და ძალიან დიდი იყო. ყოველთვის ვამბობდით, რომ განსაკუთრებული აქცენტირება ხელისუფლებას სწორედ მონეტარული პოლიტიკის, მონეტარული სტაბილურობის პოლიტიკის გატარებაზე უნდა გაკეთებინა, თუმცა ვაღიაროთ ისიც, რომ ხელისუფლებამ დაიგვიანა. ლარი კრიტიკულ ნიშნულსაც გადასცდა, ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახულია და უკვე გარკვეული პერიოდია ინფლაციური ანუ ფასების ზრდის ტენდენციებიც შეინიშნება. მეორე საკითხია - რამდენად აღიარებს ამას ხელისუფლება. ხაზს ვუსვამ, რომ ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, ფასების ზრდის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე აღმასრულებელი ხელისუფლება ასე აცხადებდა, რაც, ერთის მხრივ, რეალობისგან გაქცევის, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო და ამ ყველაფერმა საბოლოოდ, ლოგიკური შედეგი გამოიღო ლარის დევალვირებისა და ინფლაციური პროცესების სტიმულირების კუთხით", - განაცხადა კალანდაძემ.

კითხვაზე - რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ლევან კალანდაძის თქმით, ეს პოლიტიკა ეფექტური შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული ინსტრუმენტები და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ხარჯვითი პოლიტიკა იქნება სინქრონიზებული. "ანუ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ანტიდეპრესიულ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს ერთად, კოორდინირებულად. ისე არ განმეორდეს, როგორც 2014 წლის ბოლოს იყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, ანუ მონეტარული ინსტრუმენტები გამოიყენა და ფინანსთა სამინისტრომ კი, საკუთარი პირობის მიუხედავად, რომ დეფიციტურ ხარჯვას არ განახორციელებდა, ეს მაინც მოახდინა და ლარი სერიოზული დარტყმისა და რისკის ქვეშ დააყენა. აქედან გამომდინარე, მთავარია, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქნას მიღებული მოკლევადიან პერიოდში ეფექტი ლარის კურსის ვარდნის შეჩერებისა. მერე გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვიფიქროთ, თუ რამდენად შესაძლებელია და რა ინსტრუმენტების გამოყენებითაა შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება. დღეს პრობლემა და მთავარი გამოწვევა ლარის ვარდნის შეჩერებაა და ეს როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით, ისე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხარჯვითი პოლიტიკის შემცირებაში უნდა გამოიხატოს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტურ ხარჯვაზე უარი უნდა თქვას, რაც ნიშნავს, რომ ხარჯები მაქსიმალურად უნდა შეამციროს და დახარჯოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც შემოსავლის სახით აქვს. "მეორე საკითხია ის, რომ ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოხდეს აუცილებლად და ის გაბერილი, ზედმეტად ოპტიმისტური 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეალურ მაჩვენებელზე უნდა იქნას დაყვანილი და შესაბამისად, გადაიხედოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, ისე ხარჯვითი ნაწილის კორექტირება მოხდეს. რეალურად უნდა განხორციელდეს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ადმინისტრაციული სამთავრობო ხარჯების მინიმუმამდე შემცირება", - აღნიშნა კალანდაძემ.

ექსპერტის თქმით, საფრთხეები ბუნებრივია არსებობს, რადგან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეალურად ქვეყანაში ფულის გაძვირებას ნიშნავს, რაც ბიზნესგარემოზე დადებითად არ აისახება. "რეალურად ბიზნესისთვის ფული ძვირდება, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ - იმისთვის, რომ ლარი გადარჩეს, იმისთვის, რომ ეკონომიკური პროცესები მეტნაკლებად დასტაბილურდეს, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სამწუხაროდ, საზოგადოებამაც და ბიზნესმაც ფულისა და ბიზნესის გაძვირებით პასუხი უნდა ვაგოთ მთავრობის შეცდომებზე. ეს არის ის სახადი, რასაც ჩვენ ვიხდით მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში იქნა შეტანილი. "ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ 5%-იანი ზრდა ზედმეტად ოპტიმისტური იყო. ე.წ. პოლიტიზირებული 5%-იანი ზრდა იყო, რომელიც რეალურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ეს უნდა გადაიხედოს. შესაბამისად, დაკორექტირდეს ბიუჯეტის შემოსავლების და ასევე ხარჯვითი ნაწილი, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში რეალური საბიუჯეტო პროცესი მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს დეფიციტური საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება და კიდევ უფრო სერიოზული დარტყმისა და რისკის ქვეშ დავაყენებთ ლარს. აქედან გამოდინარე, ჯობს, რომ პოლიტიკა და პიარი მოვაშოროთ საბიუჯეტო პროცესებს და ბიუჯეტი წმინდა რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებულ ფინანსურ დოკუმენტად ვაქციოთ ყოველგვარი პოლიტიკის, პიარისა და წინა ხელისუფლებასთან შეჯიბრების ელემენტებისა და კომპონენტის გარეშე", - განაცხადა კალანდაძემ.