თბილისში, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზე 2.6 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისში, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზე 2.6 მლნ ლარი დაიხარჯება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 2 693 232 ლარია.

„რეაბილიტაციას საჭიროებს: ხიდზე წყალმოცილების სისტემა, მისასვლელი მიწაყრილები, სავალი ნაწილისა და ტროტუარების საფარი, ხიდზე ჰიდროიზოლაცია, თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი და მცირე თაღის დაზიანეული უბნები. ასევე, გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს ტროტუარის კონსოლები; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ხიდის მოაჯირები და პარაპეტები,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად, წერილობითი დავალების მიცემიდან 6 თვეა განსაზღვრული.

თაია არდოტელი