„გუდაურში ტურისტების სიმცირეს, მხოლოდ კოვიდს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ“

საქართველო, ახალი ეპიდ აფეთქების ზღვარზეა. მიზეზი, კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებაა. თუმცა გუდაურში ტურისტების სიმცირის მიზეზი, Traffic Travel-ის ხელმძღვანელის ცოტნე ჯაფარიძის თქმით, მხოლოდ პანდემია არ არის.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველო არასწორ ინფრასტრუქტურულ და მარკეტინგულ სამუშაოებს აწარმოებს.

,,ბოლო დღეებში, როცა გუდაურში ვიყავი, იქაურობა გადაჭედილი ნამდვილად არ იყო, თუმცა არც ძალიან ცოტა ხალხი იყო. პრობლემა მართლა უამრავია და ყველაფერს კოვიდს და სასტუმროების მის გამო დაცარიელებას ვერ დავაბრალებთ. კაფე-რესტორნები მას შემდეგ შეივსო, რაც თოვლი მოვიდა და სრიალი შესაძლებელი გახდა. არადა, ხელოვნურ გათოვლიანებაში მრავალი მილიონია ჩადებული. ამ დროს, პროექტი ისევ განუხორციელებელია, რადგან წელსაც სათხილამურო ტრასებზე მიწა გამოჩნდა. მთის კურორტების სააგენტოს პასუხიდან, საერთოდ გაუგებარი იყო, რატომ მოხდა ეს.

ასევე,სერიოზულ პრობლემად რჩება მარკეტინგული კამპანიების არასწორი წარმოება, არასწორ სამიზნე აუდიტორიებზე. წელს, გუდაურში ძირითადად მხოლოდ რუსული საუბარი ისმის, არადა გასულ წლებში ასე არ იყო. მათ შორის, არც პანდემიურ 2020-2021 წლის სეზონზე, როცა კურორტი მცირე ხნით გაიხსნა. უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, არაბულ ქვეყნებში ევროპიდან და აშშ-დან სამუშაოდ ჩასული ადამიანები მოვიზიდოთ, რომლებიც რამდენიმე დღით დაისვენებენ და ისრიალებენ და ამისთვის არაფერი კეთდება. ასე რომ წელს, გუდაურში ტურისტების სიმცირეს, მხოლოდ ომიკრონს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

სასტუმროების მფლობელები კი ტურისტების სიმცირეს ,,ტრაფიკ თრეველის" ხელმძღვანელის დასახელებულ პრობლემებთან ერთად, ზამთრის კურორტზე ომიკრონის სწრაფ გავრცელებასაც უკავშირებენ.

„ახალი წლის დღეებში, ცხადია დატვირთულობა ძალიან მაღალი იყო. მაგრამ ეს ასე რომ ვერ გაგრძელდებოდა მთელი სეზონი, ბუნებრივია, მაგრამ დაახლოებით 4 იანვრიდან დაიწყო ეპიდ სურათის დამძიმება. ჩვენთან მართლა ვერ დაინფიცირდებოდნენ და ასე მალე ვერ გამოვლინდებოდათ, მაგრამ გადადება როგორც ჩანს, აქაც მოხდა და ნელ-ნელა დაიცალა სასტუმრო. ეტაპობრივად უდასტურდებოდათ ჩვენს სტუმრებს კოვიდი. როგორც ვიცი, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა განთავსების ობიექტებშიც“, - განუცხადეს სასტუმრო ,,newგუდაურში“ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

,,ახლა, ვითარება ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სტაბილურია და ბოლო დღეები არ გამიგია, რომ აქ ვინმეს დაუდასტურდა კოვიდი, ან აქედან წასვლის შემდეგ, მალევე გამოუვლინდა. მაგრამ ახალი წლის დღეების შემდეგ, ძალიან მიეწყო, ერთგვარი აფეთქება იყო და ამან ხალხი ძალიან შეაშინა. როგორც ხდება ხოლმე, ყველგან ინფიცირდებიან, მაგრამ თუ რომელიმე კურორტზე გავრცელდა ხმა, რომ იქ, მაღალი მაჩვენებელი იყო, შემდეგ ხალხი ჩასვლას ერიდება. ასე მოხდა გუდაურის შემთხვევაშიც. ამას ხელი შეუწყო ტრასებზე თოვლის ნაკლებობამ და წელსაც, უკვე ვეღარ ვითვლი მერამდენედ, ვერ მივიღეთ სტუმრების მოსალოდნელი რაოდენობა“, - აცხადებენ სასტუმრო ,,Mountain“-ში.

თამარ მუკბანიანი