Microsoft თამაშების შემქმნელ კომპანიას Activision Blizzard-ს ყიდულობს

ამერიკული კომპანია Microsoft მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს თამაშების შემქმნელ კომპანიას Activision Blizzard Inc., ყიდულობს. შესყიდვის ღირებულება 68,7 მლრდ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Microsoft-ი ავრცელებს.

"Microsoft , Activision Blizzard -ის თითო აქციაში 95 დოლარს გადაიხდის, კონტრაქტის ჯამური ღირებულება 68,7 მლრდ დოლარია. შეთანხმების დასრულება 2023 წელსაა დაგეგმილი“ - წერია განცხადებაში.

ამასთან, Microsoft გახდება მსოფლიოში მესამე კომპანია სათამაშო ბიზნესში შემოსავლების მიხედვით Tencent და Sony-ის შემდეგ. Activision Blizzard-ის ხელმძღვანელი ბობი კოტიკი შეინარჩუნებს თანამდებობას.

კომპანიები აპირებენ გააფართოვონ საკუთარი ყოფნა მობილური თამაშების ბაზარზე, მათ შორის, აპირებენ შექმნან მობილური ვერსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის Warcraft. Microsoft-ში აცხადებენ, რომ თამაშების შემქმნელებს აქვთ კარგი გამოცდილება პოპულარული მობილური თამაშების შექმნის და ამის მაგალითად მოჰყავთ Candy Crush-ი, რომელიც მისი გამოსვლიდან დღემდე 2,5 მილიარდჯერ არის გადმოწერილი.

შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Activision Blizzard-ის აქციების ფასი NASDAQ-ის ბირჟაზე 30%-ით გაიზარდა და 90 დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა ერთი დღით ადრე 64 დოლარად ივაჭრებოდა. Microsoft-ის აქციები კი ოდნავ გაუფასურდა, თუმცა ექსპერტები ამ კლებას აღნიშნულ შენაძენს არ უკავშირებენ.

Activision Blizzard - არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვიდეოთამაშების ბაზარზე. მის სახელს უკავშირდება ისეთი თამაშები, როგორებიცაა World of Warcraft, Call of Duty, Diablo, Guitar Hero.

კოკა კვირკველია