Walmart მეტავერსისთვის ემზადება და საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

საცალო ვაჭრობის ამერიკული გიგანტი, Walmart მეტავერსისთვის ემზადება. RetailDetail-ის ცნობით, Walmart თავის ვირტუალურ მომავალზე კულისებში მუშაობს. საცალო გიგანტს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება და ვირტუალური პროდუქტების NFT-ების სახით გაყიდვა სურს, რაც შვიდმა აპლიკაციამ უნდა უზრუნველყოს.

მომხმარებელი მეტავერსში ყველა სახის ვირტუალური პროდუქტის, მათ შორის, ვირტუალური ელექტრონიკის, სახლის დეკორაციების, სათამაშოების, სპორტული საქონლისა და პირადი მოვლის საშუალებების გამოყენებას შეძლებს.

„ადამიანები შეძლებენ, თავიანთი ვირტუალური რეალობის გარემო ამ ვირტუალური ნივთებით დაამშვენონ, როგორც ამას ფიზიკურ სახლებში აკეთებენ,“ - წერს RetailDetail.

პორტალის შეფასებით, ეკონომიკა ვირტუალური ნივთების ყიდვა-გაყიდვის ირგვლივ სულ უფრო ვითარდება და Walmart-ს აშკარად სურს, იყოს პირველი ამ საქმეში.

რაკი კრიპტოვალუტა არის მეტავერსის გადახდის საშუალება, Walmart, ასევე, საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას განიხილავს, რისთვისაც კომპანია ცალკე სასაქონლო აპლიკაციას ქმნის.

Walmart-ში აცხადებენ, რომ ახალ იდეებსა და ტექნოლოგიებს მუდმივად იკვლევენ, მაგრამ ყველა მათგანი რეალურ პროდუქტად ან სერვისად ვერ გადაიქცევა და მხოლოდ ტესტირების დონეზე დარჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ