წაულების შემდეგ ზაზუნები - ჰონგ კონგში დელტას გამო 2 ათას ზაზუნას გაანადგურებენ

ჰონგ კონგში ზოომაღაზიის 23 წლის თანამშრომელი პირველი ადამიანი გახდა, ვინც კორონავირუსის დელტა შტამით დაინფიცირდა. South China Morning Post-ის ცნობით, ხელისუფლება თვლის, რომ ეს არის ცხოველიდან ადამიანზე COVID-19-ის გადაცემის პირველი შემთხვევა.

ამდენად, ქალაქში ვირუსის შემდგომი გავრცელების საფრთხის გამო, მთავრობა, დაახლოებით, ორი ათასი ზაზუნას ევთანაზიას გეგმავს. ადგილობრივ მცხოვრებლებს სთხოვეს, გასული წლის 22 დეკემბრის შემდეგ შეძენილი ყველა ზაზუნა ჩაებარებინათ. სწორედ ამ დღეს მიიღეს ჰონგ კონგის ცხოველთა მაღაზიებმა მღრღნელების ახალი პარტია, რომელთა შორისაც შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებული ზაზუნები იყვნენ.

„რისკები, როგორც შედარებით მაღალი, ისე შევაფასეთ და გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე მივიღეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მფლობელს, რომ შინაური ცხოველების მოვლის დროს ჰიგიენა მკაცრად დაიცვან,“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლიუნგ სიუ-ფაი.

ხელისუფლების მონაცემებით, ვირუსის მატარებელი, სავარაუდოდ, 11 ზაზუნაა. ამის გამო ქალაქში მცირე ზომის ცხოველების შეტანა დროებით აიკრძალა.

2020 წლის ნოემბერში დანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 10 მილიონზე მეტი წაულა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დაეხოცა, რადგან ზოგიერთ მათგანს COVID-19 აღმოაჩნდა. მკვდარი მღრღნელები 15 საერთო საფლავში ჩამარხეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ