Lacoste ბრიტანულ კომპანიას ნიანგის ბრენდინგის გამო უჩივის

Lacoste-მ ტანსაცმლის უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლისა და საცალო მოვაჭრე Marks & Spencer Group-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რისი მიზეზიც საქონელზე ნიანგის გამოსახულების გამოყენებაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ფრანგულ კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს საცალო მოვაჭრეს წერილი გაუგზავნეს და Lacoste-ს ლოგოს მსგავსი ნიანგით პროდუქციის რეკლამირება-გაყიდვის შეწყვეტა მოთხოვეს, მაგრამ ბრიტანელებმა უარი განაცხადეს, რის შემდეგაც Lacoste-მ სასამართლოს მიმართა.

მოდის ბრენდი მოითხოვს, რომ Marks & Spencer-მა წყლის მტაცებლით გამოსახული ყველა ნივთის პოპულარიზაცია და გაყიდვა შეწყვიტოს, ხოლო უკვე წარმოებული პროდუქცია გაანადგუროს. Marks & Spencer-ის საცალო მაღაზიებში, მაგალითად, თეთრეული და ბავშვთა ტანსაცმელი ნიანგის პრინტით იყიდება.

Lacoste-ს ბრენდი 1933 წელს, ჩოგბურთელ რენე ლაკოსტას მიერ შეიქმნა, რომელსაც ნიანგის ტყავის ჩემოდნის სკანდალის გამო, მეტსახელად „ნიანგი“ შეარქვეს. ფრანგული მოდის სახლის ადვოკატებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ „Marks & Spencer-ს არ უნდა აერჩია ისეთი ბრენდინგი, რამაც შესაძლოა, დაბნეულობა გამოიწვიოს და ნიანგის გამოსახულებები არასწორ მარკენტინგულ გზავნილად იქნას აღქმული."

თავის მხრივ, Marks & Spencer ელ-ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის მომხმარებლებში ცხოველების პრინტები წარმოუდგენლად პოპულარულია, რის გამოც გასულ სეზონზე ასორტიმენტს ნიანგის დეკორატიული ნიმუშები დაემატა. ბრიტანული კომპანიის ცნობით, Lacoste-ს პრეტენზიების ნაწილი მწერალ როალდ დალისადმი მიძღვნილი კოლექციის პროდუქტებს ეხება, რისი უმეტესობაც გაყიდულია. Marks & Spencer-მა დალის მოთხრობების პერსონაჟების გამოსახულებით პროდუქცია გასაყიდად მანამდეც გამოუშვა.

„ყველა ეს პროდუქტი ნებისმიერი სხვა ბრენდისგან დამოუკიდებლად შეიქმნა. ისინი M&S-ისთვის უნიკალურია და ჩვენ მათ სასამართლოში დავიცავთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მოამზადა ლად სულაბერიძემ