საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2014 წელს მშპ-ის წლიურმა რეალურმა ზრდამ 4,7% შეადგინა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,9%, ხოლო 2014 წლის IV კვარტალში 1,6% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, 4,7% შეადგინა.

"2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.