ზურაბ ტყემალაძე: ვიდრე ლარის კურსი კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, უნდა მოხდეს ჩარევა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ვიდრე ლარის კურსი კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, უნდა მოხდეს ჩარევა.

როგორც ტყემალაძე აცხადებს, მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება სწორედ ამის გამოძახილია. "გადაწყვეტილება ნამდვილად სწორია – ვიდრე კურსი კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, უნდა მოხდეს ჩარევა. ჩარევის მხრივ, ბუნებრივია, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დასახავს ღონისძიებებს. მოხდება ჩარევა, რათა მიმდინარე პროცესებმა ინფლაცია არ გამოიწვიოს, თუმცა დღემდე ინფლაცია არ არის და ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ. გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ იმ ზღვარს მიაღწია, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური პროცესი ფასების ზრდაში გადაიზარდოს. გარდა ამისა, როგორც ქადაგიძე აცხადებს, ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევების ფონზე, აუცილებელია ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა, შემცირების მიმართულებით.