2021 წელს საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 29.9%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4.242 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.9 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9 პროცენტით გაიზარდა და 3.127 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (580.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (555.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (304.5 მლნ. აშშ დოლარი).

„2021 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 815.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 237.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი),“-ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი