ლანჩხუთში ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის" დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის" დირექტორი, დათო დობორჯგინიძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ ჩხაიძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ კომპანიასთან, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და შესასყიდი საქონლის ფასის ხელოვნურად გაზრდით, ქრთამის სახით აიღეს გარკვეული თანხა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულები აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს სამომავლოდ დაპირდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არაერთი ხელშეკრულების გაფორმებას.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.