სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტი - გაფიცვა გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

გაფიცვა გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრის იურისტმა, ქეთი ნაზღაიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პირველი ნაბიჯი შეხვედრის დაგეგმვით გადადგა.

„ეს არის პირველი ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან შეხვედრასთან დაკავშირებით. შევხვდებით მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა არის ხელფასების მომატება ყველა რგოლისთვის. ეს არ არის მხოლოდ სოციალური აგენტების გაფიცვა, ეს არის სააგენტოს ყველა რგოლის გაფიცვა, მათ შორის ვართ იურისტები, სოციალური აგენტები, მთავარი სპეციალისტები და ა.შ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების 100%-იანი მატება და იმედი გვაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება.

ასევე, ვითხოვთ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

გაფიცვა გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება.

გუშინ ჩვენ აქცია კანცელარიასთან გვქონდა. პრემიერთან შეხვედრა მოვითხოვეთ და წერილობითი განცხადება დავტოვეთ. დამატებით კომენტარს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ქეთი ნაზღაიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს 12:00-დან შეხვდება, სადაც არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.