ილონ მასკის სტარტაპი წელს ტვინის ჩიპების გამოცდას ადამიანებზე გეგმავს

ილონ მასკის სტარტაპი Neuralink, რომელიც ტვინის ჩიპებზე მუშაობს, კლინიკური კვლევების დირექტორს ეძებს, რაც, Bloomberg-ის შეფასებით, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ სტარტაპი ადამიანებზე ცდების დაწყებასთან ახლოსაა.

ვაკანსია რეკრუტულ კომპანია Greenhouse-ის ვებგვერდზე დაიდო. აღწერილობაში ნათქვამია, რომ დირექტორს Neuralink-ის „კლინიკური კვლევების პირველ მონაწილეებთან“ მუშაობა მოუწევს. ასევე, მას მოუწევს შექმნას და წარმართოს გუნდი ცდების განსახორციელებლად და ითანამშრომლოს მარეგულირებლებთან, როგორიც არის აშშ-ს წამლისა და სურსათის ხარისხზე სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო (FDA).

განმცხადებელს „კლინიკური კვლევების დიზაინისა და მართვის უმაღლესი სტანდარტების" დაცვა მოეთხოვება და მზად უნდა იყოს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს კლინიკურ კვლევებში მონაწილეობისა და სამედიცინო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება. თავის მხრივ, Neuralink აპლიკანტს ჯანმრთელობის დაზღვევას, ფასიან შვებულებას, აქციებით დასაჩუქრებასა და უფასო ლანჩს სთავაზობს.

Bloomberg-ის შეფასებით, ვაკანსიის გამოჩენა იმის ნიშანია, რომ Neuralink ადამიანებზე ტვინის ჩიპების გამოცდის ეტაპს უახლოვდება. Neuralink-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა The Wall Street Journal-თან (WSJ) ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია 2022 წელს ადამიანებზე ტესტირების დაწყებას გეგმავს, რისთვისაც FDA-სგან ნებართვას ელოდება. თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, მსგავს პროგნოზებს მასკი ადრეც აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ ხორციელდებოდა.

WSJ-სთან ინტერვიუში ილონ მასკი აცხადებს, რომ პირველი მონაწილეები ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანებების მქონე ადამიანები იქნებიან. მისი თქმით, მაიმუნებზე ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა ცდებმა დაადასტურა, რომ ჩიპი „უსაფრთხო და საიმედოა" და მისი ამოღება დაზიანების გარეშე არის შესაძლებელი. მილიარდერი ირწმუნება, რომ Neuralink-ის ჩიპის ჩანერგვის სტანდარტები FDA-ს მოთხოვნებზე გაცილებით მაღალია. მასკი თვლის, რომ Neuralink-ის შემუშავებით არსებობს შანსი, რომ ზურგის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანებს გადაადგილების უნარი დაუბრუნდეთ.

2021 წლის აპრილში Neuralink-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მაიმუნი ვიდეო თამაშს ჯოისტიკის გარეშე, „აზროვნების ძალით" თამაშობს. ვიდეოში განმარტებული იყო, რომ მაიმუნს ტვინში ჩანერგილი ჰქონდა ნერვული ჩიპები, რომლებსაც iPhone-სა და ნებისმიერ Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირება შეეძლოთ. ჩიპების მონაცემებმა მაიმუნის მოქმედების რეალურ დროში პროგნოზირება გახადა შესაძლებელი.

გასული წლის ივლისში Neuralink-მა 205 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ