M&M’s-ი სარეკლამო პერსონაჟებს განაახლებს

ამერიკული კომპანია Mars იმ სარეკლამო პერსონაჟების განახლებას აპირებს, რომლებსაც მისი ერთ-ერთი პროდუქტის M&M’s-ის რეკლამირებისთვის იყენებს. კომპანია მათ გათანამედროვეობას გეგმავს. ამის შესახებ აღნიშნულია Mars-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"M&M’s-ის ბრენდის განახლება ასახავს უფრო თანამედროვე მიდგომას ჩვენი საყვარელი პერსონაჟების გარეგნობასთან, ასევე მათი პიროვნული მახასიათებლების მნიშვნელობას, რათა მოხდეს მათი თვითგამოხატვის ხაზგასმა“, - წერია განცხადებაში.

Mars-ის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება სამომავლოდ იქნება უფრო ინკლუზიური და M&M’s-ის მიზანიც ისაა, რომ მომავალ სამყაროში არავინ იგრძნოს თავი ზედმეტად.

როგორც ტელეკომპანია NBC გვამცნობს, ცვლილება შეეხო M&M’s-ის პერსონაჟების ხელების და ფეხების ფერს, თუ აქამდე ის ტანის ფერს ესადაგებოდა, ახლა დიზაინერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ის უფრო ნეიტრალური გახადონ და თეთრთან მიახლოებული. ასევე შეიცვალა ფეხსაცმელი, განსაკუთრებით მდედრობითი პერსონაჟებისთვის, სადაც მაღალი ქუსლები, რომელსაც „ატარებდა“ მწვანე ტკბილეული, შეიცვალა სპორტულ ფეხსაცმლებით, ხოლო ყავისფერის ფეხსაცმლები უფრო დაბალქუსლიანი და კომფორტული გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ორი პერსონაჟი ერთად ქალთა ძალის დემონსტრირებას მოახდენს.

გარეგნულ ცვლილებებთან ერთად შეიცვალა ხმებიც და სარეკლამო პერსონაჟების ხასიათი, რომლებიც უფრო ინკლუზიური, „კეთილმოსურნე და გამაერთიანებელი“ გახდა. ამასთან, კომპანიაში გვპირდებიან, რომ პერსონაჟები შეინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ გამჭრიახობასა და იუმორის გრძნობას. და, კიდევ ერთი, ამიერიდან არ მოხდება მათი სქესობრივი მიკუთვნება მიმართვისას.

კოკა კვირკველია