კულტურის სამინისტროსთან აქციაზე, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი კულტურის სფეროდან, კერძოდ კი, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ამასთან, აქციის მონაწილეები თეა წულუკიანისგან მოითხოვენ კონკრეტულ გეგმას, სადაც განმარტებული იქნება, როგორ განხორციელდება ხელოვნების მიზეუმის რეაბილიტაცია.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციის ძირითადი მოთხოვნაა, გაირკვეს, რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობასა და იქ დაცულ საგანძურს.

მათივე განმარტებით, შედგენილია პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

აქციაზე წარმოდგენილია ბანერები წარწერით: “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს”, დიდება პარტიას”, ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”.

“ბოლო დროს რა ამბებიც დატრიალდა, განსაკუთრებით თეა წულუკიანის მინისტრობის პირობებში, ძალიან ცხადად აჩვენებს, რომ მართვის ბოლშევიკური მეთოდები არ არის დავიწყებული. ეს სიმბოლიკა, რომელიც აქ წარმოდგენილია ამაზე მეტყველებს. მათ უნდათ, რომ კულტურის სფერო მართონ კარგად აპრობირებული საბჭოთა მეთოდებით, რომ ვინც არ მიაჩნიათ თავიანთ პოლიტიკურ თანამოაზრედ ან ვინც ბედავს განსხვავებული აზრის ხმამაღლა თქმას, ის ადამიანები განდევნონ ამ სივრცეებიდან, მიუხედავად დამსახურებისა და მათი პროფესიონალიზმისა, ეს კი გააკეთონ მხოლოდ პარტიული აკვიატების ნიშნით”, - აცხადებს “ინტერპრესნიუსთან” “ლელოს” წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

კულტურის შენობის შესასვლელთან პოლიციაა განლაგებული.