გერმანია ყოველწლიურად 400 000 უცხოელი მუშახელის მიზიდვას გეგმავს

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა ყოველწლიურად უცხოეთიდან 400 000 კვალიფიციური მუშახელის მიზიდვას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, მთავრობა ცდილობს, როგორც დემოგრაფიული დისბალანსი, ისე საკვანძო სექტორებში მუშახელის დეფიციტი დაძლიოს, რადგან ეს პრობლემები პოსტკრიზისულ რეაბილიტაციას ხელს უშლის.

„კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი იმდენად სერიოზული გახდა, რომ ეს ჩვენს ეკონომიკას მკვეთრად ანელებს. მუშახელის დაბერების პრობლემას მხოლოდ თანამედროვე საიმიგრაციო პოლიტიკით გავუმკლავდებით. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ კვალიფიციური უცხოელი მუშახელის 400 000-იან ნიშნულს,” - აცხადებს მმართველი კოალიციის წევრი პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ (FDP) საპარლამენტო ლიდერი, კრისტიან დუერი.

კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატების“, კრისტიან დუერის ლიბერტარიანელი „თავისუფალი დემოკრატებისა“ და გარემოსდამცველი „მწვანეების“ კოალიციური შეთანხმება მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიც არის ქულების სისტემა ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნების სპეციალისტებისთვის, ასევე, ეროვნული მინიმალური სამუშაო ხელფასის საათში 12 ევრომდე (13,60 დოლარამდე) აწევა, რომ გერმანიაში მუშაობა უფრო მიმზიდველი გახდეს.

დამსაქმებლებზე ორიენტირებული გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის შეფასებით, წელს სამუშაო ძალა 300 000-ზე მეტი ადამიანით შემცირდება, რადგან შრომის ბაზარზე შესულ ახალგაზრდა მუშახელთან შედარებით, უფრო მეტი ხანდაზმული მუშა გადის პენსიაზე.

მოელიან, რომ ეს სხვაობა ყველაზე მასშტაბური 2029 წელს გახდება და სამუშაო ძალა 650 000-ზე მეტი ადამიანით შემცირდება, რის შედეგადაც სამუშაო ასაკის ადამიანების დაგროვილი დეფიციტი 2030 წელს 5 მილიონს მიაღწევს. გასულ წელს, კოროვირუსული პანდემიის მიუხედავად, დასაქმებული გერმანელების რიცხვი 45 მილიონამდე გაიზარდა.

ათწლეულების განმავლობაში, დაბალი შობადობისა და არათანაბარი მიგრაციის შედეგად, სამუშაო ძალის კლება გერმანიის სახელმწიფო საპენსიო სისტემისთვისაც ნელი მოქმედების დემოგრაფიულ ნაღმს წარმოადგენს, რადგან სულ უფრო ნაკლები თანამშრომელი პენსიონერთა მზარდი მასის პენსიით დაფინანსებას ამძიმებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ