ნათია თურნავამ ქართული ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაშია გამოვლენილი, მათ შორის რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წელს მეცხრამეტედ გაიმართა. ნათია თურნავას განცხადებით, მოხარულია, რომ დაჯილდოებულ კომპანიებს შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებიც იყვნენ.

„წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრე ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში. ასევე საამაყოა, რომ დღეს დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. წლებია უკვე ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.